სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით რუსთავის ნომერ 12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სამოქალაქო აქტივისტებმა და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა აქცია-პერეფორმანსი გამართეს.
შეკრებილებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს დროშები მიიტანეს და ექსპრეზიდენტს სამახსოვრო წარწერებიანი დროშა შეუგზავნეს.
სამოქალაქო აქტივისტის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აქცია-ფერფორმანსი მოეწყო იმისათვის, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.
"ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ეს ეროვნული სიმბოლიკა დაამტკიცა, ჩვენთვის ძალიან მოსაწონი და მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. რაც შეეხება ამ პერფორმანსის დასასრულს ის აქტივისტები, რომლებიც შევიკრიბეთ, განცხადება გვაქვს დაწერილი და უნდა შევუგზავნოთ პრეზიდენტს," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.