მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოში წარმოთქმულ სიტყვას და ცნობილი ფრაზის "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" გამოყენებას, ბაგრატიონ-მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი განცხადებით ეხმაურება:
"ბაგრატიონ-მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის "ჩაკრულოს" ტექსტი "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ადამიანი ისტორიულად არ ეპუებოდა ჩაგვრას.
"გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ისტორიულად არ ვეპუებოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ჩვენ ფეოდალები. "ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა" ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.