16 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
გამოძიებამ ყაზახეთის მოვლენებს ხელისუფლების ხელში ჩაგდების კვალიფიკაცია მიანიჭა - ვინ არის პირველი ეჭვმიტანილი და რა კავშირშია უშიშროებასთან

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოძიებამ ხელისუფლების ხელში ჩაგდების კვალიფიკაცია მიანიჭა. არსებობს პირველი ეჭვმიტანილიც - უშიშროების ყოფილი მინისტრი. ქარიმ მასიმოვს ორჯერ ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც. მასთან ერთად გამოძიების შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს სპეცსამსახურის უფროსის მოადგილეს და ელიტური სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურსაც.

პარალელურად ყაზახეთში ტერორიზმის საფრთხის "წითელი დონე" "ნარინჯისფერით შეიცვალა". სწორედ ამიტომ მას ე.წ ОДКБ-ს ძალების ნაწილი ტოვებს. ტაჯიკმა, სომეხმა და ყირგიზმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვეს. პროცესი 10 დღეში დასრულდება. მანამდე კი ყაზახეთი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ეტაპობრივად უბრუნდება. ქალაქებში ფუნქციონირება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა განაახლა. 3 საათით შემცირდა "კომენდანტის საათი".

გზებზე სულ უფრო მეტი ავტომობილი - ქუჩებში კი მეტი ადამიანი გადაადგილდება. ამის მიუხედავად მოსახლეობა მაინც დაძაბულია. მიზეზი - როგორც დესტრუქციული ძალების, ისე სამართალდამცველების შიშია.

არეულობის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია. ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. უცნობია ისიც, თუ რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. მათ ახლობლები ამ დრომდე ეძებენ.

იკარგება ასობით ადამიანის კვალი. ე.წ "დაუმორჩიელბლების" დაკავება კი გრძელდება. ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ალმათში, 2500-მდე პირი დააპატიმრეს. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფლება 13 ათასზე მეტ ადამიანს აღუკვეთეს.

ვითარება ყაზახეთში იანვრის დასაწყისში დაიძაბა. ბუნებრივ აირზე ფასის მატებამ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოიყვანა. 5 იანვარს მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში მოხდა. რასაც ათობით ადამიანის ლიკვიდაცია და ათასობით პირის დაკავება მოჰყვა. დარბეულია სამთავრობო უწყებები, კომერციული ობიექტები და მედიის ოფისები. წინასწარი მონაცემებით, ზარალმა 250 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.

დღის ამბები