ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მიემგზავრება. იქნება შეხვედრები ალიანსის გენერალურ მდივანთან და ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩებთან. მთავარი მიზანია კონსულტაციები პოზიციების შესაჯერებლად NATO-რუსეთის საბჭოს დასრულების შემდეგ, იმ მოთხოვნების გარშემო, რომელიც რუსეთმა წარმოადგინა და რომელზეც NATO-მ პოზიცია უკვე დააფიქსირა, რომ კომპრომისი გაფართოების საკითხზე არ იქნება.
"ჩვენ შევაჯერებთ პოზიციას იმისთვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებებისთვის და დარწმუნებული ვარ რუსეთის ფედერაციასთან ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება, ჩვენი ნატოელი პარტნიორები აღჭურვილი იყვნენ ჩვენი პოზიციითაც, ეს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში, აქედან გამომდინარე მე ამ ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ჩვენი ნატოელი პარტნიორებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია არის პრიორიტეტული და ის არ გადაიხედება," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.