რუსეთის ულტიმატუმს, რომ ალიანსმა გაფართოებაზე უარი თქვას და საქართველო და უკრაინა არასოდეს მიიღოს NATO-ში, დასავლეთიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვა. NATO თავის პრინციპებზე უარის თქმას არ აპირებს. რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს პროცესებს და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ის უკრაინასა და საქართველოსთვის. პროცესებს თბილისში ექსპერტები აფასებენ. ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის ქმედებებს ორი ადრესატი ჰყავს, შიდა აუდიტორია, რომლის თვალშიც დასავლეთის მტრის ხატად წარმოჩენა სურს და გარე აუდიტორია, რომელთანაც გეოპოლიტიკური მიზნები ამოძრავებს. ექსპერტები მიიჩნევენ რომ რუსეთი ჩვეულებრისამებრ გააგრძელებს ჰიბრიდულ კონტექსტში ქმედებას და გამოიყენებს ყველა ე.წ საცეცს იმისათვის, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის შედეგებზე იმოქმედოS.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, ექსპერტ კორნელი კაკაჩიას აზრით დასავლეთი მოლაპარაკებების გაჭიანურებას, რუსეთი კი პირიქით პასუხის სწრაფად მიღებას შეეცდება.
"ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელს უმტყუნებს პირველად ნერვები, რა დევს სასწორზე. შეიძლება უკრაინის წინააღმდეგ გაილაშქრო და დაიპყრო, მაგრამ შემდეგ რომ საერთაშორისო იზოლაციაში დარჩეს, ეს რამდენად უღირს რუსეთს. ესაა მთავარი შეკითხვა, რომელზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევა მოსკოვი," - აცხადებს კორნელი კაკაჩია.
ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში თენგიზ ფხალაძე საუბრობს რუსეთიდან მომავალ ხილვად და უხილავ საფრთხეებზე, ის მიიჩნევს, რომ როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოშიც გააქტიურდება ე.წ მეხუთე კოლონა და რუსეთი შეეცდება მოახდინოს სახელმწიფო სისტემის ეროზია
"მას სურს ლეგიტიმაცია მოახდინოს იმ ქმედებების, რომელსაც მაგალითად უკრაინის საზღვრებთან ახორციელებს და თქვას, რომ მეტი გზა არ დაუტოვეს," - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.