16 ნოემბერი 2024,   09:06
ვრცლად
კიბერთავდასხმა უკრაინაზე - რატომ სახელდება მთავარ ეჭვმიტანილად რუსეთი 

დესტაბილიზაციის მცდელობა - ასე აფასებენ უკრაინაში კიბერთავდასხმას, რომელიც უკრაინულ სამთავრობო საიტებზე რუსეთისა და დასავლეთის მოლაპარაკებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა.  ეჭვმიტანილი რუსეთია. როგორც ქვეყნის ოფიციალური პირები და ექსპერტები ამბობენ, კონფლიქტში წინა ხაზი ყველგანაა. 

ის, რომ რუსეთი კიბერშეტევაში მთავარი დამნაშავეა, იზიარებენ დასავლეთშიც. შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთი პროვოკაციებს ამზადებს, ცდილობს შექმნას საბაბი, რომელითაც შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიან ინტერვენციას გაამართლებს. ამერიკისთვის ეს რუსეთის ჩვეული ტაქტიკაა და ამბობენ, რომ როდესაც არ არსებობს კრემლის საჭიროებაზე მორგებული კრიზისი, მოსკოვი მას ხელოვნურად ქმნის.

ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს რუსეთი. ამბობენ, რომ დასავლეთის მიზანი რუსეთზე საინფორმაციო ზეწოლაა. ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, საერთაშორისო დონეზე ნებისმიერი პრობლემის მოგვარება დიპლომატიური წყაროებით წარმოუდგენიათ.

"კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: რუსეთის მიმართ უწყვეტი ბრალდებები უკრაინაში შეჭრისთვის რაიმე სახის საბაბის მომზადების შესახებ უსაფუძვლო და დაუდასტურებელია," - ეს განცხადება კი იმ ფონზე კეთდება, როდესაც უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების აქტიური წვრთნების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტით ვრცელდება. დასავლეთის პოზიციას ექსპერტებიც იზიარებენ. უფრო მეტიც - კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრემლში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სიტუაციის ესკალაციას მომავალ რამდენიმე კვირაში მსოფლიო ნახავს.

კიბერშეტევის დაძლევაში უკრაინის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა ნატომ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა. ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი რესურსების მობილიზებას აპირებს. უახლოეს დღეებში კი, NATO და უკრაინა კიბერთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ. კიბერთავდასხმა ქვეყნის 70 სამთავრობო საიტზე, 14 იანვარს ღამის 2 საათზე განხორციელდა, რის შემდეგაც რამდენიმე სამინისტროს ვებ-გვერდი გაითიშა.

დღის ამბები