19 აპრილი 2024,   15:36
ვრცლად
თბილისის ნაწილში მოძრაობა რამდენიმე თვით შეიზღუდება, მარშრუტი შეეცვლება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა რამდენიმე თვის განმავლობაში შეიზღუდება.

კერძოდ, წყნეთის გზატკეცილისა და ი. უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

დღის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ უცვლელად, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში, დაგეგმილი სამუშაოების ინტენსივობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შესაძლებელი იქნება შეფერხებით.  შეზღუდვა 17 იანვრიდან ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების კვეთიდან ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მიზეზი სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. შეზღუდვა 17 იანვრის 11:00 საათიდან ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

ჯავახიშვილის ქუჩიდან გორკის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება გოგიბერიძის, წინამძღვრიშვილისა და ტოლსტოის ქუჩების გავლით, ხეთაგუროვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით კი, გადაადგილება დასაშვები იქნება გორკის, ნათიშვილისა და ქურდიანის ქუჩების საშუალებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები - N59 და N122 ხეთაგუროვის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, გოგიბერიძის ქუჩის ნაცვლად, ზაარბრიუკენის მოედანზე ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით მოხვდებიან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, ავტობუსები გადაადგილდებიან უცვლელი მარშრუტით; ავტობუსი - N91 გორკის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ჯავახიშვილის და გოგიბერიძის ქუჩების ნაცვლად, გადაადგილდება ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით შეძლებს; N95 ავტობუსი ჩიტაიას ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, გოგიბერიძისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების გავლით გადაადგილდება. უკუმიმართულებისას, ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან ჩიქობავას ქუჩის მიმართულებით, პუშკინის ქუჩის, რუსთაველის გამზირის, ჭანტურიას ქუჩის, მშრალი ხიდის, ზაარბრიუკენის მოედნისა და გოგიბერიძის ქუჩის გავლით იმოძრავებს, რის შემდეგაც, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N62 და N117 ხეთაგუროვის ქუჩიდან ჩიქობავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ზაარბრიუკენის მოედნისკენ გადაადგილდებიან, რის შემდეგაც, გოგიბერიძის ქუჩის გავლით, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას, მარშრუტი შეეცვლება მხოლოდ N117 მიკროავტობუსს, რომელიც ჩიტაიას ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, გოგიბერიძისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

დღის ამბები