სანატორიუმ "ქართლში" მომხდარ უბედურ შემთხვევას ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. ზურაბ აზარაშვილი ტრაგიკული შემთხვევის კავშირს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან გამორიცხავს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დევნილებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უწყებას აქვს კონკრეტული გეგმა იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების შესახებ.
"ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რამე კავშირში შეიძლება იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც, სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ხოლო რაც შეეხება სანატორიუმ "ქართლში" და სხვა დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით სამინისტროში ჩემი მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები, ის პრიორიტეტები, რაც გვაქვს დასახული მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან," - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, გუშინ, თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი გადმოხტა და გარდაიცვალა.
ამასთან, სანატორიუმ "ქართლში" შესახლებული დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.