სენაკში საკრებულოს სხდომა ისევ გადაიდო. მიზეზი ამჯერადაც კვორუმის არარსებობა გახდა. სხდომას არ დაესწრო "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი. ოპოზიციაში ამ ფაქტს საბოტაჟს უწოდებენ.
დღეს 33 დეპუტატიდან სხდომას მხოლოდ 15 დაესწრო. სენაკის საკრებულოს მომდევნო სხდომა ერთ კვირაში ჩაინიშნა.
""ქართული ოცნების" მიერ დანიშნული სხდომა იყო და თავად არ გამოცხადდნენ არც ერთი წევრი, დააბრალეს კოვიდს. შეუძლებელია, 16 ადამიანიდან თექვსმეტივე ცუდად იყოს, სრული აბსურდია. ეს არის მიზეზი უბრალოდ, ქართული ოცნება კვლავ არის ბოიკოტის რეჟიმში. თან ხელისუფლება ვარო იძახის და თან ბოიკოტს აცხადებს, ვეღარსად ვერ დადის. ცოტა უცნაური პოლიტიკური ბრძოლის ხერხი აქვს არჩეული," – ამბობს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა კუჭავა.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრები იმედოვნებენ, რომ შემდეგ სხდომას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაესწრებიან.
"სავარაუდოდ ეს უკავშირდება ჩვენი პარტიის ერთ-ერთი წევრის ნუკრი შამათავას უფლებამოსილების ცნობის ხელშეშლას. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ სხდომაზე მაინც გამოცხადდებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები," - განაცხადა ედიშერ ბაღათურიამ.