ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირება მნიშვნელოვანია და მიმართულია იმ ოჯახებისადმი, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.
მინისტრის თქმით, პროგრამა გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში.
"ასეთი სუბსიდია უნდა იყოს მეტად ადრესირებული სწორედ იმ მოსახლეობისკენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და ვისაც ყველაზე მეტად წაადგება.
აქედან გამომდინარე, მთავრობამ უარი თქვა იმ მიდგომაზე, რომელიც არის მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, რადგან, ამ შემთხვევაში, სოციალური სამართლიანობის პრინციპი ვერ იქნებოდა დაცული.
მთელი წლის განმავლობაში, იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვისაც აქვს 150 000 და ნაკლები ქულა, ასეთი არის დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი, ის ტარიფის გაძვირება, რომელიც მოხდა 2020 წლის დეკემბერში, დაუსუბსიდირდებათ სრულად 200 კვტ.სთ-ის ფარგლებში," - განაცხადა ნათია თურნავამ.
სუბსიდირების საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამაც გააკეთა.
"მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზრდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული ლარი დაიხარჯება. ასეთი ბაზაში რეგისტრირებულ აბონენტთა 310 000-ზე მეტია, თუმცა თითოეულ ოჯახში მაცხოვრებელ ადამიანზე გადამრავლდება, რაც მილიონ მოქალაქეზე მეტია, რაც მთავრობის მეთაურის მიერ იქნა ხაზგასმული," - განაცხა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის ინფლაციური პროცესების შესამსუბუქებლად, მიზნობრივი ჯგუფებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დასუბსიდირდება. კერძოდ, სუბსიდირება შეეხება ელექტროენერგიის ძველსა და 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას. მიმდინარე წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით სუბსიდიით სარგებლობა შეეძლება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას. სუბსიდიის ახალი პროგრამის შესაბამისად, მიზნობრივ ჯგუფებს დაუსუბსიდირდებათ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგია.