16 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
"სტოლტენბერგმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ NATO-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება" - დავით ზალკალიანი

იენს სტოლტენბერგმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ NATO-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ყველა მოლოდინი დადასტურდა. მისივე თქმით, საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას შეეხო.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო NATO-ს გენერალურ მდივანთან და ყველა ჩემი მოლოდინები, რაც მქონდა თუნდაც რუსეთ-NATO-​ს საბჭოს შეხვედრის ძირითად თემატიკასთან დაკავშირებით და იმ ძირითად გზავნილებთან მიმართებაში, რომელზეც ჩვენ მანამდე გვქონდა საუბარი როგორც ნატოელ პარტნიორებთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ შეხვედრაზე. გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა NATO-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და წითელი ხაზები გადის საქართველოს სუვერენიტეტსა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც დაესწრო. ლაშა დარსალიას განცხადებით, დისკუსიისას ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგი და გრძელვადიან ნაბიჯებზე მსჯელობა. 

"ორ მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფდი: პირველი ეს არის ის საჯარო განცხადებები, რომლებიც კეთდება, რომელშიც მკაფიოდ არის გასმული ხაზი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი და ასევე საქართველოს უფლებისადმი გახდეს იმ ნებისმიერი ბლოკის წევრი, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ, კონკრეტულად NATO-ს წევრობაზეა საუბარი. ასევე მნიშვნელოვანია ის კონკრეტული დიალოგი, რომელიც ჩვენ გვაქვს პარტნიორებთან, სადაც მთავარი არის კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრაცია, კონკრეტულ მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან ნაბიჯებზე მსჯელობა პარტნიორებთან ერთად," - ამბობს ლაშა დარსალია.

დღის ამბები