საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იმყოფება.გენერალ რაიმუნდ ანდჟე-იჟაკს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს.
თავდაცვის სამინისტროში, გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გამართული დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ქართველმა და პოლონელმა კოლეგებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს.
გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა პოლონეთის მხარეს საქართველოს ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
გიორგი მათიაშვილმა პოლონელ კოლეგას, საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. მან ყურადღება თავდაცვის ძალების განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებით, პოლონეთის მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა.
საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში აქტიურ ჩართულობას, საქართველოს სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით მჭიდრო პრაქტიკულ თანამშრომლობას, საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის კავშირების მზარდ დინამიკას.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
პოლონელი გენერალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ეწვევა.