ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირებაა. "ნაციონალური მოძრაობა" არკვევს - ვინ თამაშობს რუსულ თამაშს.
პარტიაში ფიქრობენ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ, ბევრი რამ ნათელი გახადა და ეს იყო ოპოზიციის ერთგვარი ლუსტრაციაც. თუმცა, ისინი არ ამბობენ კონკრეტულად თუ რომელ პარტიას მიიჩნევენ ოპოზიციაში "რუსული თამაშის მონაწილეებად. მათ ოპოზიციის სხვა წევრებს ერთგვარი საყვედურიც კი გამოუცხადეს, რომ ოპოზიციის ნომერ პირველი ამოცანა არ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი.
"იმ ადამიანებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დატყვევებაში ვერ ხედავენ პოლიტიკურ კონტექსტს, ისინი ამით წყალს ასხამენ "ქართული ოცნების" წისქვილზე. რუსულ ორბიტაზე მოთამაშე ადამიანი, "ქართულ ოცნებასთან" უფრო იპოვის საერთოს, ვიდრე ოპოზიციასთან. აქედან გამომდინარე, საუბარია იმ ჯგუფებზე, რომლებიც თავს ირქმევენ რომ თითქოს ოპოზიციაში არიან, მაგრამ ეს ძალიან შორს არის რეალობისგან,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.
რაც შეეხება სხვა ოპოზიცურ სპექტრს, მაგალითად, რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის დღის წესრიგი არ უნდა იყოს მიხელ სააკაშვილის საკითხი, რადგან მისივე თქმით, ეს აზიანებს ოპოზიციურ საქმიანობას საქართველოში და ქვეყანას ზიანს აყენებს.
"ვინც თვლის, რომ ოპოზიციის ერთიანობა განპირობებულია მხოლოდ იმით გვაქვს თუ არა დღის წესრიგში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხი - ეს აზიანებს ამ ქვეყანაში ზოგადად ოპოზიურ საქმიანობას,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ ოპოზიცია ის არის, რაც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამდე იყო და სხვადასხვა ინტერესები და ზრახვები, შესაძლოა, თავად პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" გამოიკვეთა:
"შეიძლება თავის პარტიაში მოხდა ლუსტრაცია და თვლის, რომ ვიღაც რუსეთის აგენტები შიგნით, პარტიაში გამოვლინდნენ. რადგან დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი მისას ჩამოსვლამდე რაც იყო, იგივეა ახლაც. თუმცა ასეთი დონის ლიდერის ჩამოსვლამ საკუთარ პარტიაში შესაძლოა გამოავლინოს სხვადასხვა ინტერესები და ზრახვები,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.