"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომელთათვისაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება მთავარი პრიორიტეტი არაა, რუსული თამაშის თამაშში ადანაშაულებს.
ნონა მამულაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ოპოზიციის ლუსტრაცია მოახდინა. ოპოზიციური სპექტრი რომ ერთიანი არაა, ეს პოლიტიკოსისთვის სიახლე არ არის, თუმცა ამბობს, რომ რუსეთის მიმართ პარტნიორ პარტიებს განწყობა ძირითადად ერთნაირი აქვთ. მიაჩნია, რომ ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას პირველ რიგში ექსპრეზიდენტის გათავისუფლება განაპირობებს და უკვირს იმ პარტიების, რომლებიც გაცხადებულად პროდასავლურები არიან და"ნაციონალურ მოძრაობას" ლიდერის გათავისუფლებაში არ ეხმარებიან.
კოლეგის მხრიდან გაკეთებულ მსგავსი შინაარსის განცხადება მიუღებელია სხვა პოლიტიკური ძალებისთვის. პარტიები მიანიშნებენ, რომ კოორდინაციის მიღწევა "ნაციონალური მოძრაობისთვის" ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს, როდესაც საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო ხმები აკლდებათ. ამბობენ იმასაც, ყველას საკუთარი დღის წესრიგი აქვს და ის სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს არ გულისხმობს.
ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ოპოზიციის ლუსტრაცია მოახდინა, ამაში მთავარ ოპონენტებს გარკვეულწილად "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც ეთანხმებიან, თუმცა მათი განმარტებით, განვითარებულმა მოვლენებმა პირველ რიგში სწორედ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული კრიზისი გამოავლინა.
"ნაციონალური მოძრაობის" ლუსტრაციაზე საუბრობს ოპოზიციის ერთი ნაწილიც, რომელსაც მიაჩნია, რომ პარტიების დღის წესრიგზე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს გავლენა არ მოუხდენია. საპარლამენტო ძალებისთვის პრორუსულობის ბრალდება მთავარ ოპოზიციურ პარტიისგან მიუღებელია და მათ ურჩევენ, კოლეგებთან ურთიერთობის წესებს გადახედონ.
რუსული ინტერესების გამტარებლად თავად "ნაციონალურ მოძრაობას" თვლის მმართველი პარტიაც, სადაც ამბობენ, რომ ამას კონკრეტული ფაქტებიც ადასტურებს.
რომელ პარტიებს გულისხმობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რუსული თამაშის მონაწილეებად ნონა მამულაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუმცა განმარტა, რომ საუბარი მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციაზე არ არის.