16 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
"ლელო" პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს

"ლელო" პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. ოპოზიციური ფრაქცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია გაიმართოს განხილვები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. "ლელოში" ამბობენ, რომ სოციალურ სფეროში ვითარება კრიზისულია და მას დროული რეაგირება სჭირდება.

"მიზანი არის გამოსავლის პოვნა და არა ვიღაცის დამუნათება. ოღონდ, რა თქმა უნდა, ამ პროცესში უნდა მონაწილეობდეს ყველა, ვისაც ეს პროცესი ეხება," - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს უმრავლესობა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამისთვის სხვა საპარლამენტო ბერკეტი სავსებით საკმარისია.

"რიგგარეშე სხდომის მოწვევის საბაბი ეს არ მგონია რომ უნდა იყოს. ამისთვის საკმარისია ბევრი სხვა საპარლამენტო ფორმა, მათ შორის იგივე სადეპუტატო კითხვების გზით ამ ინფორმაციის მოძიება. ამაზე შეიძლება სამუშაო ფორმატებში შეხვედრების გამართვა და ბევრი სხვა რამ." - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

"ლელოს" ამ განცხადებაზე შეფასება გააკეთეს "გირჩში", სადაც მათ მუშაობის სტილი დაუწუნეს.  

"ფიზიკურად არ მესმის ლელოს მუშაობის სტილი. მე მგონია, რომ მათ ფიზიკურად არ უნდათ შეთანხმებების მიღწევა. ლელო, ჩემი აზრით, არის ძალიან არაკომუნიკაბელური პარტია და პარტია, რომელიც ვერ აგებინებს თავის კოლეგებს იმას, თუ რა უნდათ პოლიტიკაში, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.

 

დღის ამბები