სახალხო დამცველის კონსილიუმი მორიგ შემაჯამებელ ანგარიშს, სადაც პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და წარმართული სამედიცინო მკურნალობის შესახებ არის ყურადღება გამახვილებული, უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებებიც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ციხე დასასვენებელი ადგილი არ არის და ის ყველა მსჯავრდებულმა უნდა გაიაროს.
"ციხე არ არის კომფორტული ადგილი, სადაც ადამიანი წყნარად გრძნობს თავს. ის უამრავი ათასობით ადამიანი, ვინც გამოიარა ციხე და ის წამება და დამცირება, რაც სააკაშვილს ჰქონდა შექმნილი, ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენ ციხეში. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ფსიქიკურ მდგომარეობას, ამის თაობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა და სწორედ ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისაკენ.
ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ესეთი ხშირი ლაპარაკი შეიძლება იმ იდეასაც ემსახურებოდეს, რომ მძიმე მდგომარეობაშია და ის არ შეიძლება პატიმრობაში რჩებოდეს," - ამბობს გიორგი ვოლსკი.
განცხადება ამავე თემაზე გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანმა, ბაჩო დოლიძემ.
"თერაპიულ-სარეაბილიტაციო მკურნალობა, რომლის ჩატარების საშუალება იყო გორში, თუმცა რატომღაც არ ჩატარდა და საუბარია იმაზე, რომ რუსთავში ნამდვილად არ ჩაატარებენ აღნიშნულ კურსს. საუბარია, რომ ამოცანა და დირექტივაა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მაქსიმალურად დიდხანს იყოს ტყვეობაში," - ამბობს ბაჩო დოლიძე.
შემაჯამებელ ანგარიშში პატიმარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და წარმართული სამედიცინო მკურნალობის შესახებ არის ყურადღება გამახვილებული. ექსპრეზიდენტთან სახალხო დამცველის კონსილიუმმა 5 ექიმის მონაწილეობით 3 ვიზიტი განახორციელა, განხილვებში 8 ექსპერტი მონაწილეობდა, დასკვნასაც 8 ექსპერტი აწერს ხელს.
როგორც ექიმები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილს ახლა ღრმა დეპრესია და მძიმე სტრესული მდგომარეობა აქვს, შესაბამისად, მასთან სპეციალისტების მუშაობაა საჭირო.