შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კიევშია. ენტონი ბლინკენი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. ამ წუთებში ის შეხვედრას მის უკრაინელ კოლეგასთან მართავს. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიპლომატი ამჯერად უკრაინიდან უგზავნის რუსეთს გზავნილს, რომ ვაშინგტონი კიევის გვერდით დგას იმ უპრეცენდენტო საფრთხის ფონზე, რომელიც მოსკოვმა შექმნა.
"100 000 რუსი სამხედროს მობილიზება თქვენს საზღრებთან უკრაინისთვის უპრეცენდენტო საფრთხეს წარმოადგენს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი მხარდაჭერისათვის. მას სურდა პირადად დაგლაპარაკებოდით ინტენსიური დიპლომატიური კვირის შემდეგ, რათა კოორდინირებულად გავიაროთ თქვენთან კონსულტაცია სამომავლო ნაბიჯებისა და მათ შორის, სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ. მკაფიო გავხადეთ,რომ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა იქნება ყველაზე პასუხისმგებლიანი გზა. ასევე ის,რომ თუ მოსკოვი უკრაინაზე აგრესიის განახლების გზას აირჩევს, იგი წააწყდება ძალიან მკაცრ შედეგებს, რომლებიც არ მომდინარეობს მხოლოდ აშშ-სგან, არამედ ევროპისა და მის მიღმა მყოფი ქვეყნებისგანაც. დღევანდელი შეხვედრა თქვენთან და უკვე ხვალინდელი ბერლინში - დასტურია იმისა, რომ ჩვენ მოსკოვს ერთხმად და ნათლად ვესაუბრებით. ჩვენი ძალა, ჩვენი ერთობის დაცვაშია. ჩვენი გზავნილი ყველა მეგობრების, უკრაინელი ლიდერებისა თუ მოქალაქეების მიმართ არის, რომ ერთად დავდგეთ ერთობის სადარაჯოზე, ეს როგორც არასდროს ისეა მნიშვნელოვანი,"- მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ვოლოდიმირ ზელენსკის.
თავად უკრაინის პრეზიდენტმა კი, ამერიკის მხარდაჭერაზე ისაუბრა:
"ეს მხარდაჭერა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი გეგმის სტრატეგიულობაზე, რომელიც უკრაინის ალიანსის წევრობას გულისხმობს, არამედ მნიშვნელოვანად აჩვენებს ჩვენი სამხედრო მარაგების დონესაც. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ თავდაცვის ხარჯებზე მოვმართეთ, თუმცა ვაცნობიერებთ იმასაც, რომ თავდაცვის სფეროს სწრაფი მოდერნიზებისთვის გვესაჭიროება დახმარება, განსაკუთრებით კი ამ რთულ დროს. ამ ფონზე თქვენი ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, იგი ხაზს უსვამს იმ ძლიერ მხარდაჭერას, რომელსაც შტატები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ იჩენს,"- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.