ჰქონდა თუ არა სახელისუფლებო გუნდს შეცდომები იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც პარტიას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. ამ თემაზე "ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა:
"რთული ერთი წელიწადი გამოვიარეთ და ასეთ დროს არის უამრავი ტაქტიკური ნაბიჯი გადასადგმელი. ასეთ დროს იდეალური ვერც ადამიანი, ვერც ხელისუფლება ვერ არის. იყო ალბათ რაღაც ხარვეზები, შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო.
მთლიანობაში რაც იყო სტრატეგიული გადაწყვეტილებები - ეს იყო მოლაპარაკებებში აქტიურად შესვლა, შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, რომ 19 აპრილის შეთანხმება ყოფილიყო ხელმოწერილი, 43% იყო მთლიანად ჩვენი ინიციატივა. მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ ეს იყო ტაქტიკურად სწორი ნაბიჯი. ამის შემდეგ იყო ამ შეთანხმების ანულირება. რადგან 8-დან 4 საპარლამენტო ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერდა, ანულირებას ალტერნატივა არ ჰქონდა, ამან დაამშვიდა საარჩევნო გარემო, ბევრად უფრო პოლარიზებული იქნებოდა არჩევნები რომ ყოფილიყო ძალაში ეს შეთანხმება.
ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც შეეხება წმინდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ასეთ თემას ვერ გამოვყოფდი, სადაც ჩვენ რაიმე პრინციპული შეცდომა დავუშვით ან ხარვეზი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.