16 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
​ქსპრეზიდენტის გათავისუფლებისთვის თაკო ჩარკვიანი ქუჩის აქციებს და კარვებს ითხოვს, ოპოზიციონერ კოლეგებს კი უმოქმედობაში ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი აქტიური მომხრე, რომელიც ოპოზიციას აკრიტიკებს და კოლეგებს უმოქმედობაში ადანაშაულებს - თაკო ჩარკვიანი ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისთვის ქუჩის აქციებს და კარვებს ითხოვს.

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ოპოზიცია არც აქტიურია, არც კოორდინირებული და არც ბრძოლისუნარიანი. "კანონის და სამართლის ლიდერის" განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ხმებით პარლამენტში შესული ოპოზიცია, რომელიც დღის წესრიგში ექსპრეზიდენტის საკითხს უპირატესად არ აყენებს, დიდ პოლიტიკურ შეცდომას უშვებს. ოპოზიციის შიგნით ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კი, კონკრეტული პარტიების ამბიციებს ასახელებს. პრეტენზიები აქვს სააკაშვილის გუნდთანაც.

მთავარ ოპოზიციურ ძალაში აცხადებენ, რომ ქუჩის აქციები გაგრძელდება, თუმცა შეწყდება საპარლამენტო ბოიკოტი. "ნაციონალურ მოძრაობაში" აღიარებენ, რომ ოპოზიცია სათანადო კოორდინაციაში არ არის არც საკანონმდებლო და არც საპროტესტო ფორმატში. ისინი განმარტავენ, რომ პარტიები ერთიანები უნდა იყვნენ საერთო მიზნის ირგვლივ და მიხეილ სააკაშვილის გარშემო.

პოლიტიკურ ძალებში განმარტავენ, რომ ყველას საკუთარი დღის წესრიგი აქვს, თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ პარტიების უმრავლესობა მიზნებსა და ინტერესებზე ჩამოყალიბებული არ არის. კოლეგებს ახსენებენ იმასაც, რომ საპროტესტო აქციებში კოორდინაცია არსებობდა მაშინ, როდესაც ამას კონკრეტული დანიშნულება და მნიშვნელობა ჰქონდა.

ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები კი, მმართველი გუნდისთვის ოპოზიციური კრიზისის მანიშნებელია. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, პარტიების მიზნები და ინტერესები დღეს აცდენილია ერთმანეთს და შორს არის რეალობისგანაც.

მოახერხებს თუ არა ოპოზიციურ სპექტრი კოორდინაციას - ამას მოვლენების განვითარება აჩვენებს. ახლოვდება საგაზაფხულო სესიის გახსნის დროც, რის შემდეგაც გაირკვევა ისიც, ჩაერთვება თუ არა ოპოზიციური დეპუტაცია სრულად საპარლამენტო საქმიანობაში.

დღის ამბები