მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები - გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების და გამცილებლების ზუსტად 3 თვიანი პატიმრობა დასრულდა. ოთხივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიება უფრო მსუბუქი ფორმით, გირაოთი შეეცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისინი თავისუფლები იქნებიან. ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა, პროკურატურასთან დავაზე უარი თქვეს და ყველა წარდგენილ მტკიცებულებას დაეთანხმნენ.
სასამართლოს დარბაზის დატოვების და ოჯახის წევრებთან ემოციური შეხვედრის შემდეგ, საზღვრის უკანონო კვეთის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებულებმა, გადაწყვეტილების შესახებ საუბარი არ ისურვეს.
ელგუჯა ცომაია საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, ვინც უკრაინის, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურამდე სააკაშვილი არაჟნით დატვირთული კონტეინერით შემოიყვანა, შემდეგ კი მარტვილსა და თბილისში სამალავი გამოუყო. საქმის მასალების მიხედვით, სწორედ ცომაიამ ჩაიყვანა ყოფილი პრეზიდენტი ბათუმშიც, სადაც სააკაშვილმა ქვეყანაში შემოსვლის დასადასტურებლად ვიდეომიმართვა ჩაწერა.
რაც შეეხება მამა-შვილ წოწორიებს - ისინი სააკაშვილის ტრანსპორტირებას ფოთის ნავსადგურიდან აბაშაში, ცომაიას სახლამდე უზრუნველყოფდნენ. გიორგი ნარიმანიძე კი, სატვირთო ავტომობილს აბაშიდან თბილისამდე, სანზონის ბინამდე მართავდა, სადაც დაკავებამდე მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროებითი თავშესაფარი იყო.
ოთხივე დაკავებულს აღიარებითი ჩვენება უკვე მიცემული აქვს. გირაოს შეფარდების შემდეგ, ისინი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას თავისუფლებაზე დაელოდებიან.