აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბერლინში, გერმანელ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან მოსალაპარაკებლად ჩაფრინდა. ევროპის უსაფრთხოება მოკავშირეებს ყველაზე მეტად ადარდებთ. ლავროვი-ბლინკენის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, პარტნიორებმა პოზიციები შეაჯერეს.
უკვე ცნობილია, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ჟენევაში აზრებს გაცვლიან. რუსეთის მიერ მოთხოვნილი გარანტიების მუხლობრივი ჩაშლა კი უკვე შემდეგი ეტაპია. ვოლოდიმერ ზელენსკი პარტნიორებს გაბედულობისკენ მოუწოდებს.
CNN-ი წერს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ჯო ბაიდენის გუშინდელი გამოსვლით გაოცებულია. მითქმა-მოთქმა პრეზიდენტის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სადამსჯელო ზომების განსაზღვრა უკრაინაში შეჭრის მასშტაბებზე იქნება დამოკიდებული. "მცირე" და "ფართომასშტაბიანი" შეჭრის გამიჯნვამ, ბაიდენის ოპონენტებს აფიქრებინა, რომ პრეზიდენტმა ამით პუტინს "მწვანე შუქი" აუნთო. პრეზიდენტი ბაიდენი, რუს კოლეგას დაემუქრა და მიუთითა, რომ ახლა არჩევანი საკმაოდ ცხადია.
კიევი პარტნიორებისგან ვეღარ მიიღებს ისეთ პასუხს, თითქოს მოსკოვის ესა თუ ის აგრესია, მის დასასჯელად "არასაკმარისად დიდი" იყო, ან "საკმარისი მტკიცებულებები" არ ჩანდა. ბაიდენმა ისიც თქვა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ახლო მომავლის პერსპექტივა არ არის, თუმცა ამერიკა NATO-ს ღია კარის ერთგულებას ადასტურებს, მათ შორის იმით, რომ ამისათვის საქართველოს, უკრაინისა თუ სხვა სახელმწიფოების დემოკრატიულ გაძლიერებაში ინვესტირებას განაგრძობს. რუსეთს ეს არ მოსწონს, განსაკუთრებით კი სამხედრო ინვესტიციები.
რუსეთის მიმართ ნდობა დიდი ხანია დაკარგეს ბალტიის სახელმწიფოებმა. ამიტომ, ბელარუსში გადასროლილი რუსული ჯარი, პირდაპირ საფრთხედ აღიქვა ლიეტუვამ. ვილნიუსი NATO-სგან რეგიონში მეტი ძალების განთავსებას ითხოვს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს, უკვე მისცა უფლება, მის მიერ მიწოდებული "ჯაველინებისა" და "სტინგერის" ტანკსაწინააღმდეგო თუ სარაკეტო სისტემები უკრაინაში გაგზავნონ. ექსპორტის კონტროლის რეგულაციების თანახმად, ბალტიას ამისათვის მომწოდებელი ქვეყნის დასტური სჭირდებოდა.