როგორი უნდა მოგვარდეს პრობლემა და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა რეალური ამ ეტაპზე - თემის განსახილველად დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროში ელოდებიან. ათწევრიან საინიციატივო ჯგუფს მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია შეხვდება.
400-ზე მეტი ადამიანი ხელფასების გაორმაგებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს. შეგახსენებთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს და სოციალურ აგენტებს ხელფასები უკვე მოემატათ. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ გაკეთდა, თუმცა სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.