16 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
შეიძლებოდა ნათელაშვილს ეთქვა, რომ შეცვალა პოზიცია და აქამდე ცდებოდა, ან ფული სჭირდება და ამიტომ შემოდის პარლამენტში - ალექსანდრე რაქვიაშვილი

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შესვლა სურს, მას საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან კოლეგა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ ახსოვთ "ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარის მხრიდან კრიტიკული შეფასებები იმ დროს, როდესაც ისინი პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ არ აპირებენ, რომ ანალოგიურად დახვდნენ შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შესვლის შემთხვევაში. 

"შალვა ნათელაშვილს არ ვუპასუხებთ იმ ლექსიკით, როგორც ისინი საუბრობდნენ იმ ადამიანებზე, ვინც პარლამენტში შემოვიდა. თუკი ის შემოვა პარლამენტში ამას ჩვენ მივესალმებით - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომლიც შემოვა პარლამენტში, ეს იქნება დამატებითი ახალი ფრონტის ხაზის გახსნა ხელისუფლებისთვის,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე. 

ახლა, ყველაზე მეტად შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობა" ელოდება "ლეიბორისტების" საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, ვინაიდან მათ თითოეული ოპოზიციონერის ხმა სჭირდება იმისათვის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს თინათინ ბიკუჩავას იმედი აქვს, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, შალვა ნათელაშვილი მხარს დაუჭერს კომისიას.

"გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი ამბობს, რომ ის უცნაური ქმედებები, რაც შალვა ნათელაშვილმა იმ განცხადებამდე გააკეთა, სანამ იტყოდა რომ პარლამენტში შესვლა სურს, ზედმეტი იყო:

"მას აქვს სრული უფლება შემოვიდეს პარლამენტში და ის უცნაური ქმედებები რაც ამას წინ ახლდა ზედმეტიც იყო, შეიძლებოდა ეთქვა რომ შეცვალა პოზიცია და აქამდე ცდებოდა, ან ეთქვა რომ ფული სჭირდება და ამიტომ შემოდის პარლამენტში,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები