სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ეუთოს ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა.
შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით.
სახელმწიფო მინისტრმა, მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ეუთო-ს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა, ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ერთობლივი მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობას ცხინვალის რეგიონის, განსაკუთრებით ახალგორის რაიონის ხელოვნური იზოლაციის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე.
მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და აღნიშნეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასა და სხვა ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე.
შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში არსებული პრიორიტეტების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო ხედვების თაობაზე, რაც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
თავის მხრივ, ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.