მაღალი ხარისხი და დაბალი ფასი - ეს არის გამოწვევა, რომლის გადაწყვეტაც მთავრობამ დაისახა.
ფასების კლების მოლოდინში მყოფ მოსახლეობას აფთიაქში წამლები კიდევ უფრო გაძვირებული ხვდება. დღეს საკმაოდ დიდია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლის ღირებულებაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზით იმატებს.
მედიკამენტების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ბოლო რამდენიმე კვირაში გახდა, რაც ამ თემაზე განცხადებები ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და ფასების დარეგულირების პროცესი პირად კონტროლზე აიყვანა. ახლა მოსახლეობა, განსაკუთრებით პენსიონერები, იმის მოლოდინში არიან, როდის შეძლებენ საჭირო პრეპარატების იაფად შეძენას.
წამლების ფასი თურქეთის ბაზრის გახსნამ უნდა გააიაფოს. ჯანდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა თურქეთის ელჩს. მხარეებს შორის განხილვის თემა სამომავლო გეგმები, შემოსატანი მედიკამენტების მაღალი ხარისხი და დაბალი ფასი იყო.
ჯანდაცვის სამინისტროში მედიკამენტების ფასზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრაც ჩატარდა. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ფარმაცევტული სექტორის რეგულირებისთვის უნდა გადაიდგას, ელექტრონული რეცეპტია.
წამლების ფასის ცვლილებისა და რეგულირების საკითხზე საკუთარი რეკომენდაციები კონკურენციის სააგენტომ გასცა. მკვლევარებმა საბოლოო დასკვნა ფარმაცევტული ბაზრის 5 წლიანი შესწავლისა და ანალიზის შემდეგ გამოაქვეყნეს. გაცემულია ის 13 რეკომენდაცია, რომელთა შესრულებამაც მედიკამენტების ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომ ნიშნულამდე უნდა დაიყვანოს.
ახალმა კანონმა ფასების რეგულირებასთან ერთად მედიკამენტების მაღალი ხარისხიც უნდა უზრუნველყოს. მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატები უახლოეს მომავალში უნდა გაიაფდეს.