16 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ვარკეთილის მეტროსადგურს რეაბილიტაციისთვის ამზადებენ - როგორი იქნება განახლებული სადგური

ვარკეთილის მეტროსადგურს რეაბილიტაციისთვის ამზადებენ. სამუშაოები მოცულობითია. დახრილი გვირაბის გარდა, სადაც ესკალატორებია განთავსებული, ინფრასტრუქტურა შეიცვლება ქვედა ვესტიბიულში და ბაქნებზეც.

პროექტი ითვალისწინებს განათების, ასევე შიდა სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების განახლებას, სადგურის სამეურნეო ოთახების გაუმჯობესებას და იატაკის შეცვლას. სატრანსპორტო კომპანიამ უკვე გაავრცელა პირველადი პროექტის ფოტოები. დიზაინის და ფერების გარდა, განსაკუთრებული აქცენტი მასალის მდგრადობაზე გაკეთდება. ეს განსაკუთრებით სადგურის ჭერს ეხება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 7 მლნ 57 ათასი ლარია. კომპანია, რომელმაც სამუშაოები უნდა შეასრულოს, 16-დან 21 თებერვლის მონაკვეთში გამოვლინდება. ტენდერი სწორედ ამ პერიოდში შედგება. მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავდა ათეულობით კვლევას მოთხოვნების დასაზუსტებლად.

ვარკეთილის მეტროსადგური მგზავრთა გამტარობის კუთხით თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია. შესაბამისად, ათასობით ადამიანისთვის არის საინტერესო თუ რა რეჟიმში იმუშავებს სადგური 1 წლიანი რეაბილიტაციის პერიოდში. თბილისის მერის ინფორმაციით, სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში ჩატარდება, რომ მეტროს მოძრაობა არ შეფერხდეს. იშვიათი გამონაკლისების შემთხვევაში სადგური გარკვეული დღეების განმავლობაში შესაძლოა დაიკეტოს.

ბოლო 7 წლის განმავლობაში ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია უკვე მეორედ იწყება. პირველ შემთხვევაში განახლებიდან 1 წლისა და 4 თვის შემდეგ, 2018 წლის იანვარში სადგურის ბაქანზე ჭერი ჩამოინგრა. მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მაშინ 14-მა ადამიანმა მიიღო. ჭერის ჩამონგრევიდან 5 თვეში სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის, შპს ყვარელმშენის 3 თანამშრომელს წაუყენეს ბრალი.

დღის ამბები