ამერიკა-რუსეთის პირველი დიპლომატების შეხვედრის შემდეგ, ახლა ყველა შედეგებს და მომავალ კვირას ელოდება.
ვაშინგტონმა მოსკოვის მიერ წამოჭრილ წუხილებს, NATO-ს გაფართოებასთან და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, წერილობით უნდა უპასუხოს, ამის შემდეგ მხარეები ერთმანეთს ისევ შეხვდებიან.
"ჩვენ წერილობით წარვადგენთ ჩვენი და მოკავშირეების სერიოზულ შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ისევე როგორც იდეებს, თუ რეალურად როგორ შეგვიძლია ერთმანეთის უსაფრთხოების გაძლიერება. არსებობს მკაცრი და სწრაფი ნაბიჯები, რომლის მიღებაც პარტნიორებთან ერთად განიხილება, იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს. ამის შესახებ რუსეთი გაფრთხილებულია. თუმცა მზად ვართ დიალოგისა და დიპლომატიისთვისაც. არჩევანი რუსეთზეა. პრეზიდენტ ბაიდენს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ექნება აქტიური კონსულტაციები. ვაგრძელებთ პარტნიორებთან მოლაპარაკებებსაც.მდივანი ბლინკენი და მინისტრი ლავროვო ერთმანეთს დისკუსიის გასაგრძელებლად კვლავ შეხვდებიან. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მან კოლეგისთვის მკაფიო გახადა, რომ არსებობს გარკვეული საკითხები და ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც შეერთებული შტატები და მოკავშირეები დაიცავენ. მათ შორისაა ის, რომ უკრაინელი ხალხის სუვერენულ უფლებაა, თავად დაწერონ საკუთარი მომავალი. ამ საკითხზე არანაირი სავაჭრო სივრცე არ არსებობს. თავიდანვე ვთქვით, რომ გარკვეული წინადადებები ვერ განხორციელდება,"- ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი, აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის კანონიერი წუხილების სამომავლო იგნორირებას, ყველაზე სერიოზული შედეგები ექნება.
"ენტონი ბლინკენამდე მკაფიოდ დავიყვანეთ, რომ რუსეთის ფედერაციის კანონიერი წუხილების სამომავლო იგნორირებას, რომელიც პირველ რიგში აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების მხრიდან, ჩვენი საზღვრების მახლობლად ალიანსის ძალების მასშტაბურ განლაგებას და უკრაინის ტერიტორიების სამხედრო ათვისებას უკავშირდება - ექნება ყველაზე სერიოზული შედეგები. ამის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ ვაშინგტონი პოზიტიურად უპასუხებს ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების ხელშეკრულების პროექტებს - ამერიკული მხარის წერილობითი, მუხლობრივი რეაქციით, რომლის მიღებასაც ჩვენ მომდევნო კვირაში ველოდებით,"- აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.