ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. კომისიის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მხოლოდ ორი წარუდგინა, მათ შორის არის ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილიც.
საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა თენგიზ თევზაძეც და კომისიის მიერ ცესკოს წევრობის შერჩეული ოთხივე კანდიდატი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე, თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ შეეცდება დაარწმუნოს დეპუტატები მისი კანდიდატურის მხარდაჭერაში.
"მაქსიმალურად ვეცდები, რომ დავარწმუნო საკანონმდებლო ორგანოს წევრები იმაში, რომ ჩემი კანდიდატურა ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას. ნებისმიერი ჩატარებული არჩევნები, რომლებმაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება ჰპოვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, არამედ ასევე იმიტომ რომ დღეს ინსტიტუციას სჭირდება გრძელვადიანი ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ინსტიტუციის სტაბილურობას, მისი დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ განვითარებას და ზრდას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩემი კანდიდატურა ამ შემთხვევაში, არის აბსოლუტურად რელევანტური," - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.
კანონმდებლებმა კანდიდატებს უნდა მოუსმინონ კომიტეტებზე, ამის შემდეგ საკითხი სესიაზე გადაინაცვლებს. იმისათვის რომ ცესკოს თავმჯდომარე სრული ვადით იქნას შერჩეული, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუკი 100 ხმაზე ნაკლები დაფიქსირდება, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება, და თუ ისევ ვერ მოხდება საჭირო ხმების მობილიზება, აგვისტოს მსგავსად, ცესკოს თავმჯდომარეს 6 თვით ვადით შეარჩევენ.