საქართველოში გაუქმებული ვიზიტის შესახებ ევროპარლამენტის ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორების განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრის კაბინეტი პასუხობს.
განცხადებაში განმარტებულია თუ რატომ მოხდა ვიზიტის გაუქმება.
"ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო ფორმატია, რომელიც ხორციელდება ევროპარლამენტის პრეზიდენტის და შესაბამისი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის შეთანხმების საფუძველზე და მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით საპარლამენტო პარტიებს შორის დიალოგის წახალისების მხარდაჭერას.
ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ჟან მონეს დიალოგის ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრეზიდენტთან კომუნიკაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული. დიალოგის პროცესში თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, დიალოგის დაწყების მომზადებამდე, შედგეს შეხვედრა ახლადარჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური და მიზანშეწონილი. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს.
ამასთან, ჟან მონეს დიალოგი ეფუძნება მინიმალური საჯაროობის პრინციპს. შესაბამისად, 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს. შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით,"- აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებაში.