16 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე - ოპოზიციის ნაწილი მოქმედ ხელმძღვანელს მხარს არ დაუჭერს

ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე ამას პარლამენტი გადაწყვეტს -საკანონმდებლო ორგანომ არჩევანი საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედ ხელმძღვანელ გიორგი კალანდარიშვილსა და თენგიზ თევზაძეს შორის უნდა გააკეთოს.

ცესკოს წევრობის 2 მსურველიდან კი დეპუტატებმა მხოლოდ ორი უნდა შეარჩიონ.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი, ნიკა ობოლაძე ამბობს, პროცესს ნდობა არ გააჩნია. 

"ამ პროცესს არ აქვს არანაირი ნდობა, ცესკო არის პარტიული დანამატი ქართული ოცნების, კალანდარიშვილი არის პარტიული კადრი და ამ პროცესს არანაირი ნდობა არ აქვს. მეორე კანდიდატი არის ფორმალობა და დიდი ალბათობით, ის არ იქნება დანიშნული, ამ თანამდებობაზე დანიშნული იქნება კალანდარიშვილი," - ამბობს  ნიკა ობოლაძე.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს მათი მხარდაჭერა არ ექნება, ხოლო მეორე კანდიდატთან დაკავშირებით, მსჯელობა შედგება და არ გამორიცხავს, რომ მას „სტრატეგია აღმაშენებელის“ მხარდაჭერა ჰქონდეს. 

დღის ამბები