16 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
აშშ-ს საელჩო უკრაინიდან თანამშრომლების ევაკუაციას იწყებს

მომდევნო კვირიდან, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უკრაინიდან თანამშრომლების ევაკუაციას დაიწყებს.

ინფორმაციას CNN რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს უკვე მიმართა. CNN-ის წყაროს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ამ თემაზე ენტონი ბლინკენსაც ესაუბრა და უთხრა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამგვარი ნაბიჯი გადაჭარბებული რეაქციაა. პარალელურად, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მობილიზაცია გრძელდება, გრძელდება რუსეთის მუქარაც. კიევი კი მეგობარი ქვეყნებისგან სამხედრო დახმარებას იღებს.

ზელენსკიმ მოსახლეობას შეახსენა, რომ ახალი არაფერი ხდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებში შიშის განცდა მაღალია. ასეა ხარკოვშიც, რომელსაც რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 50-მდე კილომეტრი აშორებს.

ყველას იმედი აქვს, რომ აქამდე საქმე არ მივა. თუმცა რადაში უკვე მომზადდა 400 ათასამდე რეზერვისტის მობილიზების გეგმა. მუდმივ შემადგენლობასთან და სხვა სამხედრო ფორმირებებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვანი ძალა იქნება. ამავდროულად უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი ნაწილიც ჩავიდა. მისი საერთო წონა 90 ტონაა. მეგობრებს სამხედრო დახმარებას უგზავნის ჩეხეთი და პოლონელები. დიდმა ბრიტანეთმა მათ თავდაცვითი, ანტისატანკო იარაღი გაუგზავნა. ამერიკული "სტინგერები" და "ჯაველინები" კიევს ბალტიის სახელმწიფოებმა გადასცეს, თუმცა მეგობრისთვის გერმანული საარტილერიო იარაღის მიწოდება ესტონეთმა ვერ შეძლო, რადგან გერმანიამ, როგორც მწარმოებელმა ამაზე უარი უთხრა. ბერლინი ფრთხილობს და უარზეა, კიევს კი სწყინს.

დაიძლევა თუ არა კრიზისი და თუ კი - როგორ? ეს ახლა მთავარი კითხვაა, რომელზე პასუხიც მეტწილად რუსეთ-ამერიკის შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული. ჯო ბაიდენი დილიდნ გაემგზავრა "კამპ-დევიდის" საპრეზიდენტო რეზიდენციაში, იმისთვის, რომ მოსკოვის მიერ მოთხოვნილ გარანტიებზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან ითათბიროს. 2 კვირიანი ინტენსიური დიპლომატიის შემდეგ ვაშინგტონი წერილობით პასუხს მოსკოვი მომდევნო კვირას ელოდება. თუმცა აქვე ამბობენ, რომ პასუხზე კონცენტრაციის ნაცვლად დასავლეთმა ანტი-რუსული, ტოქსიკური საინფორმაციო კამპანია წამოიწყო.

ბლინკენი და ლავროვი ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი მოსკოვს საპასუხო დოკუმენტს გაუგზავნის. არცერთ მხარეს გამოურიცხავს ქვეყნის პირველი პირების შეხვედრაც, თუ ეს საკითხის დარეგულირებას დაეხმარება.

დღის ამბები