16 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ასე აბუჩად მოხსენიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, რომ მან ვერ მოიცალა, არ არის კორექტული - ირაკლი ქადაგიშვილი

ევროპარლამენტარების განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათი ვიზიტი საქართველოში, რომელიც 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი გაუქმდა, მმართველ გუნდში აფასებენ. გავრცელებულ განცხადებაში ევროდეპუტატები მიზეზად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოუცლელობას ასახელებენ.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, ევროპარლამენტარების ვიზიტი შალვა პაპუაშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ არ ყოფილა მოლაპარაკება იმ ფორმატზე, რომელზეც წერილშია საუბარი.  აქვე, ქადაგიშვილი ევროპარლამენტარების განცხადებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ მოიცალა, არაკორექტულს უწოდებს. 

"ესე აბუჩად მოხსენიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, რომ მან დრო ვერ გამონახა და ვერ მოიცალა, არ არის კორექტული. როდესაც ორი დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ახლა ჩამოვდივარ და რაღაც ფორმატს ვიწყებ და ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმში და სულ სხვა დონეზე უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება არც საქართველოს პარლამენტის მიმართ.

ჩვენ რა თქმა უნდა, ევროპარლამენტთან ერთად ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ და ამ ფორმატშიც გაგრძელდება თანამშრომლობა, ოღონდ იმ წესის მიხედვით, რა წესიც არის ამ ფორმატისთვის დამახასიათებელი. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.  

საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც.  გიორგი ვოლსკის განცხადებით, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან არათანმიმდევრულია. 

"რასაკვირველია, ახალი არჩეულია რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად და ახალი გვყავს პარლამენტის თავმჯდომარეც. მათი წინასწარი კონსულტაციები, ამ თემაზე ვითარების შეფასება, ზოგადად საქართველოში რა პროცესებიც ხდება, რასაკვირველია, არ შეიძლება მხოლოდ ვიოლა ფონ კრამონის გადმოსახედიდან იქნეს შეფასებული და მომზადებული," - ამბობს გიორგი ვოლსკი.

 

დღის ამბები