პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრის აშენების მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ამ პროცესში პატრიარქის როლს.
"როგორც იცით, საქართველოს გადაეცა 4 000 კვ.მ მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენებას ვგეგმავთ. სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას და დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ.
მასთან ერთად კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკომოსს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, განსაკუთრებით ჩვენს ელჩს იორდანიაში ზაზა კანდელაკს და საგარეო საქმეთა სამინისტროს.
როგორც მოგახსენებთ, ამ მიზნით დღეს შევქმნით კომისიას. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ასევე ჩვენ ვთხოვეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, კერძოდ, მეუფე შიოს, მეუფე გერასიმეს, მეუფე დავითს, მეუფე თეოდორეს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.