პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური მხარეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დღევანდელი შეხვედრით გაგრძელდა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებს შორის.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის თქმით, ეს პროცესი რადიკალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს და ცრუ მოლოდინები არავინ უნდა შეიქმნას.
"შეხვედრაზე მკაფიოდ გაჟღერდა, რომ არ შეიძლება ცრუ მოლოდინების შექმნა, თითქოს ეს პროცესი რადიკალურ ცვლილებებს დღეს ან უახლოეს მომავალში მოგვცემს, თუმცა ეს იქნება დასაწყისი სწორი მორალური ჩარჩოების და პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების, რომელზეც საზოგადოება და საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები ამ კონსულტაციების დროს შეთანხმდებიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს პოზიტიურად შევაფასებ,"- აცხადებს ნინო წილოსანი.
ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს ინიციატივა უნდა იყოს ერთგვარი სივრცე და პლატფორმა, რომ დაიწყოს საუბარი განსხვავებულ ჯგუფებს შორის.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, უნდა არსებობდეს დოკუმენტი, სადაც მოვლენების სიღრმისეული შეფასება მოხდება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დოკუმენტი, სადაც შეფასებული იქნება ყველა ის პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. მნიშვნელოვანია, ასეთი რამ გაკეთდეს, მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისითაც იმიტომ, რომ მე არ მახსენდება არცერთი დოკუმენტი, რომელიც სიღრმისეულ შეფასებას გააკეთებს ამ ყველაფრის,"-აცხადებს ეკა გიგაური.