გიორგი გახარიას გუნდი ოცნებას ზეწოლაში ადანაშაულებს. განცხადება დღეს პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.
ის პოლიტიკური ნიშნით პარტიის მხარდამჭერების სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს. "ოცნება" კი ყოფილ თანაგუნდელებს სიცრუეში ადანაშაულებს.
"გახშირდა პარტიის წევრების და მხარდამჭერების პოლიტიკური დევნა. წინა საახალწლო დღეებშიც ჰქონდა მსგავს ფაქტებს ადგილი. პარტიის სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელ მალხაზ თორიასა და მისი არასრულწლოვან შვილზე თავდასხმით დაიწყო ყველაფერი და პოლიტიკური ნიშნით დევნა გრძელდება,"- აცხადებს მეზვრიშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტია თავს ვერ დააღწევს საზოგადოების ნეგატიურ განწყობას.
"ვერანაირი ზეწოლის და ტყუილის მოფიქრებით იმ ნეგატიურ შეფასებას, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს გახარიას პარტიისადმი, თავს ვერ დააღწევენ,"- აცხადებს მათიკაშვილი.