უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის დროულად მიღების მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლები. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით საქართველო მეგობარი სახელმწიფოს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, რაც შექმნილ ვითარებაში აუცილებელია.
"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და ამ შემთხვევაში აქ არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე პოლიტიკურ განსხვავებებს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი და მათ შორის ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნახოთ მათ ქვეყნის სუვერენიტეტს, მათი ქვეყნის მომავალს ნატოსა და ევროკავშირში მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოში," - აცხადებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
ოპოზიციის განმარტებით, რუსეთი აგრესიული ქმედებებით გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებას ცდილობს და რეზოლუციით არა მხოლოდ უკრაინას არამედ საქართველოს დაცვაც მოხდება.
"ქართველ ხალხს ისევე როგორც უკრაინელ ხალხს, აქვს მშვიდობიანად და დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელების უფლება. ამიტომ, თუ იქნება რაიმე ტიპის რეზოლუცია, რომელიც მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს, რაც უფრო მეტი პოლიტიკური პარტიის კონსოლიდირება მოხდება ამ რეზოლუციის თუ განცხადების გარშემო, იქნება უკეთესი. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს იმისთვის, რომ მათ განაგრძონ საკუთარი ცხოვრება მშვიდობიანად, განაგრძონ თავიანი ევროპული მომავლის შენება," - აცხადებს ენმ-ს ნიკა ობოლაძე.