უკრაინელებს პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
"ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის და პანიკის საფუძველი არ არსებობს. სხდომაზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სიტუაცია განვიხილეთ. ვმუშაობთ ვითარების მშვიდობიანი გზით სრული დეესკალაციისთვის. ყველაფერი ვიცით და ყველაფრისთვის მზად ვართ, გვჯერა უკეთესის და ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან, დიპლომატებთან და სამხედროებთან ერთად. ისინი ჩვენ გვიცავენ, ჩვენ კი ისინი უნდა დავიცვათ, ვიყოთ მშვიდად და არ ვიყვიროთ "საქმე წასულია","- აცხადებს ზელენსკი.
8 500 ამერიკელი სამხედრო ევროპაში შესაძლო განთავსებისთვის სრულ მზადყოფნაშია.
პენტაგონში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჯარის გადაყვანის ბრძანება არ არსებობს და რომ სამხედროები გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ემზადებიან. აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც.
უკრაინაზე იმსჯელეს ევროპის ლიდერებმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვირტუალურ შეხვედრაზე. ლიდერებმა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და ხაზი გაუსვეს დაძაბულობის დიპლომატიური გზით მოგვარების სურვილს.
უკრაინისთვის მილიარდ ევროზე მეტი დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა.