16 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ძალადობა შშმ არასრულწლოვანზე და დაკავებული პოლიციელები - რაში ადანაშაულებს ოპოზიცია მმართველ გუნდს და როგორია "ქართული ოცნების" პოზიცია

მეტროში მომხდარი ძალადობის ფაქტი და დაკავებული პოლიციელები - ოპოზიციაში ამბობენ, რომ საზოგადოების მყისიერმა რეაქციამ ფაქტთან დაკავშირებით, ხელისუფლება აიძულა ზომები მიეღოთ. 

"ეს არის ძალიან მძიმე კადრები, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ვნახეთ სამწუხაროდ პირველი განცხადებები, რომ მოკვლევა იყო დაწყებული და საზოგადოების მყისიერმა რეაქციამ აიძულა ხელისუფლება საკუთარი ტყავის გადასარჩენად მიეღოს დაკავების ზომები. ამაზე უწყებაში ვინმემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე. 

სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები კი მომხდარს მძიმე შემთხვევად აფასებენ და ამბობენ, რომ დანაშაულზე სახელმწიფოს უმკაცრესი რეაგირება ექნება. 

"მძიმე ფაქტი მოხდა და ამაზე სახელმწიფოს ამაზე უმკაცრესი რეაგირება ექნება. უკვე დაკავებულები არიან მოძალადე სამართალდამცავები. ყველა ჯერზე, როდესაც მსგავს შემთხვევებს ექნება ადგილი, სახელმწიფოს რეაგირება უმკაცრესი და დროული იქნება,"- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი.

ასევე მმართველი გუნდის წევრი ხატია წილოსანი აცხადებს, რომ  მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ფაქტზე რეაგირება მაქსიმალურად სწრაფად მოხდა. 

"განსაკუთრებით მძიმეა ეს კადრები, როდესაც საქმე ეხებათ შშმ პირებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაქსიმალურად სწრაფად მოხდა ფაქტზე რეაგირება და დაკავება. ისინი კანონის სრული დაცვით აგებენ პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის,"- აღნიშნავს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სამართალდამცველი დააკავა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის ცემას ედავებიან.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი, ასევე დაკავებულია პოლიციელი, რომელიც ფაქტს შეესწრო და ამის შესახებ არ აცნობა საგამოძიებო უწყებებს. გამოძების დეტალებზე სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ ისაუბრა. 

დღის ამბები