16 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
 უნდა გამოვიყენოთ ბრძოლის ყველა ფრონტის ხაზი, იქნება ეს თვითმმართველობა, პარლამენტი, თუ ქუჩა - ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს ბოიკოტზე 

შეწყდება თუ არა საპარლამენტო ბოიკოტი - გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობა" ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე მიიღებს. პარტიის ზოგიერთი წევრი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ემხრობა. ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი სრულად ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში.

"ნაციონალური მოძრაობის" მთავარ მოთხოვნად კვლავ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა რჩება, რომელიც პატიმარი სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებს შეისწავლის.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ლევან ხაბეიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.

""ნაციონალურ მოძრაობაში" მსჯელობა არის ყოველდღიური, შესაბამისად უახლოეს დღეებში რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საბოლოო ჯამში პარტია ამაზე ისაუბრებს. ჩემი, როგორც ენმ-ს ერთ-ერთი რიგითი წევრის პოზიციაა, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველგან, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ბრძოლის ყველა ფრონტის ხაზი, სადაც შესაძლებელი იქნება რომ ვიბრძოლოთ, იქნება ეს თვითმმართველობა, პარლამენტი, ქუჩა თუ სხვა რაიმე," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, უკანასკნელი 1 წლის მანძილზე "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედებები იმაზე მეტყველებს, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ რას ნიშნავს საპარლამენტო მანდატი და ოპოზიციაში ყოფნა. 

""ნაციონალური მოძრაობის" მოქმედებები უკანასკნელი 1 წლის მანძილზე მეტყველებს იმაზე, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ რას ნიშნავს საპარლამენტო მანდატი და რას ნიშნავს იყო ოპოზიციაში, იყო ღირსეულად ოპოზიციაში. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში აჩვენეს მაგალითი იმისა როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და ახლა თვალსაჩინო მაგალითს აჩვენებენ მთელ საზოგადოებას როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დღის ამბები