რა ჩაიწერება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში - საქართველოს პარლამენტი დოკუმენტზე მსჯელობას იწყებს.
როცა რუსეთი აგრესიული ქმედებებით გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებას ცდილობს, ყველა თანხმდება, რომ რეზოლუციის ტექსტზე მალე უნდა შეჯერდნენ ვინაიდან ის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოს დაიცავს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უკრაინას საქართველომ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს.
"დღეს უკრაინაზე გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი, ხვალ შეიძლება გავიდეს საქართველოზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე როგორც გვინდა, რომ მოგვექცნენ ჩვენ. სოლიდარობა უკრაინას - ეს არის პოზიცია, რომელიც გვინდა აისახოს რეზოლუციაში იქნება ეს თუ სხვა მხარდამჭერი ტესტები. ჩვენ უნდა ვმოქმედებდეთ, ამ რწმენის შესაბამისად, რომ როდესაც ჩვენ გაგვიჭირდება როგორ გვინდა იმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ რეზოლუციის პროცესები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია.
"ეს არის მნიშვნელოვანი პროცესები არამხოლოდ უკრაინისთვის არამედ ჩვენთვისაც. ეს არის საკითხი, რომელზეც გამორიცხულია ხელისუფლებას ან რომელიმე პარტიას ჰქონოდა სხვა შეხედულება,"-აცხადებს ლილუაშვილი.
რეზოლუციის დროულად მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს მმართველი გუნდიც. ქართულ ოცნებაში იმედოვნებენ, რომ ტექსტზე შეთანხმება დროულად მოხერხდება. წინასწარი ინფორმაციით, დოკუმენტში მთავარი ხაზი რუსული აგრესია და მომეტებული საფრთხეები იქნება.
უმრავლესობაში ამბობენ იმასაც, რომ უკრაინაში ომის არ დაშვება, საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც უმნიშვნელოვანესია.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ რეზოლუცია უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია საქართველოსთვის.
"ჩვენი მთავრობა ჩართულია ყველა საერთაშორისო ძალისხმევაში. ყველა ფორუმი, რომელიც ამასთან დაკავშირებით ჩატარდა ჩვენი ოფიციალური ჩართულობით იყო. ყველა ნაბიჯი სრულ თანხვედრაშია,"-აცხადებს ქადაგიშვილი.