მსჯავრდებული მიხეილ სააკაშილი გლდანის ციხეში მისი შესახლების ამსახველი ვიდეომასალის სრული ვერსიის გასაჯაროებას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ პატიმართან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. სწორედ ამ საკითხზე ხვდებიან ამ წუთებში სახელმწიფო ინსპექტორს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი იმედოვნებს, რომ ვიდეო-მასალა, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტებს ასახავს საქმის მასალებში მოხვდება.
"დღეს წერილობით მტკიცებულებებს გავეცნობით, რაც საქმის მასალებში არსებობს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ჯერჯერობით გამოძიებისთვის წარდგენილი არ აქვთ ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში კიდევ ერთ ეპიზოდს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. იმედი გვაქვს, რომ ეს ვიდეო მასალაც მალე მოხვდება საქმის მასალებში და გვექნება მტკიცებულება მათ შორის გორში, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე,"- აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.