თბილისის მეტროში შშმ პირზე პოლიციელის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეხმაურება. მმართველი გუნდის წევრი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების პროტესტს ყალბს უწოდებს, თავად პოლიციელის ქმედებაზე კი აცხადებს, რომ ის იმდენად შეუსაბამოა დღევანდელ პოლიციასთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვს ბადებს:
"ესაა სექტა, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ და გამოცხადებულ სადიზმს, რამაც შეიწირა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, ის აჭარელი ბიჭები და არაერთი სხვა, სია გრძელია! პროტესტის პათოსი იმდენად ყალბია, ხოლო დანაშაული იმდენად თვალსაჩინო და სრულიად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს,"- წერს გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში.