16 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
საქართველოს პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მსჯელობს - დეპუტატები ცდილობენ კიევს მრავალპარტიული მხარდაჭერა გამოუცხადონ

საქართველოს პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მსჯელობს. რეზოლუციის დარეგისტრირებამდე სახელისუფლებო გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის ბოლო კონსულტაციები ხვალ დილით გაიმართება.

მხარეები ფრთხილი მიდგომით და კომპრომისული ნაბიჯებით ცდილობენ კიევს თბილისიდან მრავალპარტიული მხარდაჭერა გამოუცხადონ. რა ჩაიწერება რეზოლუციის ტექსტში ჯერ არ საჯაროვდება, თუმცა მთავარი ხაზი, რომ რუსული აგრესია და მისგან მომდინარე საფრთხეები უნდა იყოს, ეს, ოპოზიციის შეფასებით, აუცილებელია.

საპარლამენტო ოპოზიცია თანხმდება, რომ უკრაინისთვის მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადება, მხოლოდ ამ კონკრეტული ქვეყნისთვის სოლიდარობის გამოცხადება არ არის. პოლიტიკურ ძალებს მიაჩნიათ, რომ ერთობლივი დოკუმენტის შემუშავებას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს და ის საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც პრევენციული ხასიათის იქნება.

უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთადერთი საკითხია, რომელზეც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ცდილობს პოზიციები მაქსიმალურად გაზიარებული და შეჯერებული იყოს. ორივე მხარე კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობებზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ უკრაინაში ომის არ დაშვება მხოლოდ ამ ქვეყნის მიზანი არ არის და ევროპასთან ერთად ეს უშუალოდ საქართველოს უსაფრთხოების პირდაპირი ინტერესია.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას დეპუტატები საგაზაფხულო სესიის უახლოეს სხდომაზე გეგმავენ. მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას ზუსტად ერთ კვირაში განაახლებს.

დღის ამბები