ოპოზიცია და მმართველი გუნდი უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე ვერ თანხმდებიან.
ოპოზიციის განცხადებით, შინაარსი უკრაინაში დღეს არსებული მდგომარეობის გამომხატველი არ იყო. "ფრაქცია ქართული" ოცნების თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ტექსტში ყველა სიტყვა და ყველა ფრაზა საქართველოს და უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩაიწერა.
არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ რეზოლუციის საკუთარი პროექტი შეიმუშაოს. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაიმართოს.
"საქართველოს მხრიდან საჭიროა რაც შეიძლება მკაფიო პოზიციონირება, ვაჟკაცობა. იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ უკვე ვართ აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლი, პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც სიტყვა რუსეთს არ ახსენებს, როგორც ამ ხიფათების მთავარ წყაროს და საფრთხეს, არის სრულიად გაუგებარი," - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
"ჩვენ ვგეგმავთ, რომ როგორც კი დაიწყება არსებული პროექტის განხილვა, ამ განხილვაში ჩავერთოთ, როგორც საკომიტეტო მოსმენაზე, ასევე სესიაზე და საზოგადოებამ იხილოს, თუ ვინ არის წინააღმდეგი, რა ფორმით და რა არგუმენტებით, რადგან არგუმენტები არ მოგვისმენია, რომ ამ რეზოლუციის ტექსტში ჩაიწეროს კონკრეტული ფორმულირებები და კონკრეტულად რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი. ამ პროცესში ვეცდებით, რომ ეს ფორმულირება აისახოს რეზოლუციაში," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.