16 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თენგიზ თევზაძეს და გიორგი კალანდარიშვილს უსმენენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევანი სწორედ მათ შორის უნდა გაკეთდეს. კომისიის წევრად კი წარდგენილი 4 პირიდან 2 უნდა შეარჩიონ.

"დღეს საარჩევნო ადმინისტრაციას სჭირდება გრძელვადიანი ხელმძღვანელი, ეს მე ვიქნები, თუ სხვა იქნება, მაგრამ სასურველია ვიყო მე იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციამ საკმაოდ მოკლე პერიოდში განახორციელა მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები, რამაც საკმაოდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში. ეს არის ის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც მაძლევს მე შესაძლებლობას ვიფიქრო, რომ ჩემი კანდიდატურა იქნება მნიშვნელოვნად მხარდაჭერილი," - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი კალანდარიშვილმა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი თენგიზ თევზაძე კი აცხადებს, რომ სურს პარლამენტს წარუდგინოს რეფორმათა პაკეტი, რომელიც გუსლისხმობს ცესკო-ს როგორც ბრენდს არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში.

"საქართველოს პარლამენტს უნდა წარვუდგინო რეფორმების პაკეტი, რომელიც გულისხმობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, როგორც ბრენდს არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში. მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს გავუჩინო რწმენა იმისა, რომ ქართველები არიან ხელისუფლების წყარო. ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში, ეს იქნება 24 წლის არჩევნები თუ სხვა, ვიძლევი პირობას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს გამოაცხადებს არაუგვიანეს 1 საათისა. მე აქ ვარ რეფორმების პაკეტით, რომელიც გულისხმობს, რომ შემცირდება სუბიექტური ჩარევა ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო პროცესში და გაიზრდება ამომრჩევლის ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ," - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი საკომიტეტო განხილვას ამ წუთებში ესწრება და მათი განცხადებით, მათი თანამონაწილეობა იურიდიული კომიტეტის მსვლელობაში დადასტურებაა იმისა, რომ "ქართულ ოცნება" სურს, რომ ეს პროცესი ფარსად აქციოს და როგორც თავად აცხადებენ, ისინი ამ პროცესში მონაწილეობას იმიტომ იღებენ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მიზნებს ფარდა აეხადოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გიორგი კალანდარიშვილი არის მმართველი პარტიის კანდიდატი და შესაბამისად ისინი არ დაუჭერენ მხარს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილს.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ოპოზიციაში ზოგადად ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობდეს. მაგალითად, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული შესაძლებლობა, რომ მისმა პარტიამ მხარი სწორედ გიორგი კალანდარიშვილს დაუჭიროს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ძირითადად აქცენტს აკეთებენ თავად პროცესზე და აცხადებენ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო კანონმდებლობა არის გამართული და შესაბამისად "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით ეს კანონმდებლობა აძლევს შესაძლებლობას ყველა მხარეს, რომ ამ პროცესში გამჭვირვალედ მიიღოს მონაწილეობა.

"წინასწარ შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუ საბოლოოდ ჩვენ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ვინაიდან საჭიროა მოვუსმინოთ თითოეულ კანდიდატს და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. მთავარი კრიტერიუმები რა თქმა უნდა იქნება კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და ხედვა თუ ვის როგორ წარმოუდგენია არჩევის შემთხვევაში ის საქმიანობა, რომელიც მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს. გვაქვს მოლოდინი, რომ როგორც ოპოზიციის, ასევე ჩვენი გუნდის მხრიდან იქნება საქმიანი და კონკრეტული შეკითხვები, თუ როგორია ცესკოს წევრობის კანდიდატების ხედვა ცესკოში საქმიანობის შესახებ," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები