უკრაინა ომის ზღვარზე. რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ჯერჯერობით უშედეგო მოლაპარაკებების ფონზე, ქვეყნები ომის დაწყების რამდენიმე სცენარს განიხილავენ. მოსკოვი აცხადებს, რომ ომს არ აპირებს და რომ უკრაინა პასუხს მხოლოდ თავდასხმის შემთხვევაში მიიღებს. პროვოკაციების ინსპირირების მოლოდინი აქვთ დასავლეთის ქვეყნებს.
"კურიერი" რადას დეპუტატებს გაესაუბრა. ერთ-ერთი მათგანი მარია იონოვაა, დეპუტატი, რომელსაც რუსეთმა სანქციები მისი ქმედებების გამო დაუწესა. ის არის არაერთი რეზოლუციის ინიციატორი უკრაინის პარლამენტში, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კრემლის საწინააღმდეგო ღონისძიებაში. სწორედ ამ საქმიანობის გამო ის ერთგვარ საფრთხედ იქცა რუსეთისთვის.
მარია იონოვა აცხადებს, რომ მისთვის რთულია პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, გადაწყვეტს თუ არა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრას, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, დეპუტატის თქმით, მზადყოფნაშია როგორც ჯარი, უკრაინის სამხედროები, ასევე საზოგადოება - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. 2014 წლისგან განსხვავებით მოსახლეობა აღარ არის პანიკაში და პირიქით, არის შემართებით.
რაც შეეხება დასავლეთის მხარდაჭერას, მარია იონოვას განცხადებით, ის საკმაოდ დროული და მნიშვნელოვანია, თუმცა დეპუტატს აქვს მოლოდინი, რომ დასავლეთი იქნება მეტად მკაცრი და მიიღებს მეტად ხისტ ზომებს რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში.
რადას დეპუტატი მადლობას უხდის საქართველოს და დეპუტატებს იმ მხარდამჭერი რეზოლუციისთვის, რომლის განხილვაც ახლა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს.
"ძალიან ვაფასებთ ნებისმიერ განცხადებას თუ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, განსაკუთრებით კი საქართველოს მხრიდან, რომელიც ასევე რუსული აგრესიის პირდაპირი მსხვერპლია. ჩვენ ყველანი რუსული ჰიბრიდული აგრესიის ქვეშ ვართ, ამიტომაც ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ სანქციების დროა. როგორც ქვეყანას, როგორც ხალხს - ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დახმარება. საქართველომ კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი, გვახსოვს 2008 წელი და ისიც გვახსოვს, თუ როგორ დაგვიდგნენ ქართველი მეგობრები გვერდში "ღირსების რევოლუციის" დროს. მადლობა ქართველ ხალხს ასეთი მხარდაჭერისთვის. ტრიო, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აერთიანებს, ასევე კარგი საშუალებაა ჩვენთვის, რომ ნამდვილ ევროპულ ქვეყნებად ვიქცეთ," - განაცხადა მარინა იონოვამ.
რადას დეპუტატი, გეიორგი ტუკა წლების განმავლობაში იყო ლუგანსკის გუბერნატორი, ასევე მუშაობდა დევნილთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე. გეორგი ტუკა აცხადებს, რომ არის მუდმივ კომუნიკაციაში კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან და აღნიშნავს, რომ რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში ლუგანსკის მოსახლეობა სიხარულით არ შეხვდება რუსეთის არმიას.
"დღემდე ძალიან აქტიური კონტაქტი მაქვს დონბასში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ: აზრი იმის თაობაზე, თითქოს რუსული დროშის გამოჩენისთანავე იქ მცხოვრები მოსახლეობა მათთან ყვავილებით მიირბენს და ჩაეხუტება - აბსოლუტური ილუზიაა. ხალხი მზადაა, მათ შორის იარაღით ხელში დაიცვან უკრაინა დონბასში. ამ წლების მანძილზე ისინი კარგად მიხვდნენ, რომ რუსეთს მისი ყოფნით მშვიდობა არ მოაქვს," - აცხადებს გეორგი ტუკა.