პარლამენტის წინ მოქალაქეები, ოპოზიციისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერ პეტიციას აწერენ ხელს. ინიციატივა "დროას" ეკუთვნის. როგორც ცნობილია "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.
ცნობილია, რომ "დროას" მიერ ინიცირებულ პეტიციას შეუერთდებიან: "ლელო", "რესპუბლიკური პარტია", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი-მეტი თავისუფლება".
"უკრაინას ჰყავს კონკრეტული აგრესორი და ეს არის რუსეთი. მთელი მსოფლიო ლაპარაკობს კონკრეტულად რუსეთის აგრესიაზე და არა რაღაც ჰიპოთეტურ აგრესიაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ჰყავს კონკრეტული პრობლემა - რუსეთი, ვისი ჯარებიც არის ჩვენს ტერიტორიაზე. აი, ამის არ ხსენება დღეს ნიშნავს ჩვენი ინტერესების შესუსტებას,"-აცხადებს ელენე ხოშტარია.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი გავრცელებულ პეტიციას ხელს აწერს, ისინი რეზოლუციასთან დაკავშირებით ბრძოლის გაგრძელებას საკომიტეტო მოსმენებზე აპირებენ და მიიჩნევენ, რომ შეთანხმების გარკვეული რესურსი არსებობს.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციისთვის "ქართული ოცნების" შემუშავებული ტექსტი მიუღებელია, არის ის, რომ ტექსტში საერთოდ არ არის ნახსენები რუსეთი.
"ორივე მხარეს მოუწოდებს "ქართული ოცნება" სამხედრო ესკალაციისგან ტავის შეკავებისკენ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება რუსეთის პირდაპირი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ კონტექსტში, რუსეთის საერთოდ არ ხსენება, მისი არ დადანაშაულება, პრაქტიკულად, რუსული საქმის გაკეთებას ნიშნავს. ვფიქრობ, "ოცნებას" მოუწევს ანგარიში გაუწიოს ჩვენს მოთხოვნებს, მითუმეტეს, რომ ჩვენი უკრაინელი პარტნიორები იმედგაცრუებულები არიან რეზოლუციის შემოთავაზებული პროექტით,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი.
განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტიკურ პარტია "გირჩს". პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება, რეალურად, შიდა პოლიტიკური მიზეზებითაა გამოწვეული, და ამაში მონაწილეობას არ აპირებენ. მისივე თქმით, მისი შეფასებით, რეზოლუციის ტექსტი საკმაოდ კარგი იყო სამუშაოდ.