პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტა თუ რას ნიშნავს მისი ინიციატივა შერიგებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არ არის შერიგება, არამედ ეს არის შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჰქონდა სურვილი ბიძინა ივანიშვილთანაც ესაუბრა საკუთარ ინიციატივაზე, თუმცა მისგან უარი მიიღო არგუმენტით, რომ ის პოლიტიკაში აღარ იყო. სალომე ზურაბიშვილის განცხადებითვე, ბიძინა ივანიშვილთან წელიწადნახევარია არ უსაუბრია.
"რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს თავისუფლად გიპასუხებთ, რომ არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა ბოლო წელიწადნახევარია.
გეტყვით იმასაც, რომ მქონდა სურვილი მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო. არც მითქვამს წინასწარ საუბარი რაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა.
მე არ მქონია არანაირი ურთიერთობა, მეტსაც გეტყვით, იმ დღიდან, როცა ამირჩიეს, მითხრა, რომ მისგან არ იქნებოდა არანაირი მოთხოვნა, მითითება და ინსტრუქცია, ეს შესრულებულია," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი ასევე ხაზგასმით საუბრობს საზოგადოებაში პოლიტიკური სპექტრის მიმართ უნდობლობაზე. მანვე ისიც აღნიშნა, რომ მხოლოდ საზოგადოებისგან მიიღებს კრიტიკას და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისგან, ვინაიდან, მისი თქმით, არცერთი პოლიტიკოსისთვის უნდობლობის მიზეზი არ მიუცია.
"თუ ვიღაცის იმედები გავაცრუე ან ჩემი დამოკიდებულების ან დამოუკიდებლობის გამო ეს სხვა რამეა" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას.