უკრაინის საკითხზე რეზოლუციის ტექსტი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისევ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს და ხელს მხოლოდ "დროას" მიერ შემუშავებულ პეტიციას აწერს.
რეზოლუციის მიღების საკითხზე პარლამენტმა მსჯელობა მომდევნო კვირიდან უნდა დაიწყოს. დარჩა თუ არა რესურსი შეთანხმებისთვის - ოპოზიცია საკუთარი პოზიციის დაცვას საკომიტეტო მოსმენებზე აპირებს. მთავარი კრიტიკა, რაც "ოცნების" მიერ შემუშავებულ ტექსტთან მიმართებაში აქვთ, არის ის, რომ რეზოლუციაში არსადაა ნახსენები რუსეთი.
"რეზოლუციის ეს ვარიანტი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან, ძალიან მარტივად, ის არ ახსენებს ყველაზე მთავარს - იმას, ვინც არის აგრესიის წყარო და დღეს ემუქრება არამარტო უკრაინას, არამედ, საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპას და მთელს ჩვენს რეგიონს. "ქართული ოცნების" შემოთავაზებული ვარიანტი აზიანებს სწორედ ჩვენს ეროვნულ, სუვერენულ, საშინაო და საგარეო ინტერესებს,"-აცხადებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია.
"გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ რეზოლუციის ტექსტი, მთლიანობაში ნორმალურია, თუმცა რუსეთის არ ხსენება გარკვეულ უხერხულობას ქმნის.
"რეზოლუციის იდეა იყო, რომ ერთობა ვაჩვენოთ - ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც ერთად ვუჭერთ მხარს ჩვენს მეგობარ ქვეყანას. თავისი აქტით, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, მიგვანიშნა, რომ არ გვინდაო ეს ერთობა, რადგან რუსეთის ფედერაციის წაშლა იქიდან არაფერს შინაარსობრივად არ ცვლიდა, გარდა იმისა, რომ ეს იყო სიმბოლური ჟესტი. ზოგადად, ნორმალური ტექსტია, რომელსაც ჩვენ ყველა მხარს ვუჭერდით, მაგრამ არ შეიძლება ასეთი რეზოლუცია მიიღო და არ ახსენო რუსეთი, რაღაცნაირად, უხერხულია, თორემ შინაარსთან მე განსაკუთრებული პრეტენზია არ მაქვს,"-აცხადებს რაქვიაშვილი.
"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ რეზოლუციაში ყველაფერია მოცემული, რაც კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე არის საჭირო.
"ეს არ არის პოლიტიკური ქულების დაწერის საკითხი. ნებისმიერ პოლიტიკოსს, ფრაქციას, პარტიას შეუძლია გამოვიდეს და განაცხადოს უკრაინის მხარდაჭერის შესახებ და ამას, პრინციპში, საპარლამენტო რეზოლუციაც არ სჭირდება, მე თუ მკითხავთ. თუმცა, რადგან ამ გზით წავედით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური გზავნილი გაეგზავნოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ჩვენი მთავარი მოწოდება, რაც ამ რეზოლუციაში არის ის, რომ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ახალი აგრესია არ დავუშვათ,"-აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე კი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტი კარგად წაიკითხონ.
"გამოკვეთილი გზავნილები ჩავდეთ იმ დოკუმენტში, რომელზეც ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდეთ, რომ მოდით, წაიკითხეთ. თუ ეს არის უკრაინის მხარდასაჭერი, აქ ყველა ის ძირითადი მიმართულება უკრაინის მხარდასაჭერად, სადაც არსებობს რისკები, ესკალაციის მომენტები, ეს ყველაფერი მოცული არის. თუ იქნა რაიმე ისეთი წინადადება წარმოდგენილი, რომელიც კონტექსტში მოდის იმ პროექტთან, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ, რა თქმა უნდა, ეს განხილვის, მსჯელობის და შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს,"-აცხადებს გივი მიქანაძე.