16 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ფოთის ახალი ნავსადგური უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, ინვესტიცია 93 მლნ დოლარს შეადგენს, რაც კიდევ 120 მილიონამდე გაიზრდება - პრემიერი

ფოთს ახალი საზღვაო ნავსადგური აქვს. ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს.

მშენებლობა "პეის ჯგუფისა" და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

ახალი ნავსადგური პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მან ამერიკის შეერთებულ შტატებს პროექტში ჩართულობისთვის და 50 მილიონი დოლარის ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა. 

"დღეს მართლაც დიდებული დღეა! ვულოცავ კომპანია "პეის", მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი მასშტაბური პროექტის წარმატებით განხორციელებას!

მოგეხსენებათ, 2020 წლიდან კომპანია "პეისის" მხრიდან მიმდინარეობდა ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა პროექტში. კერძოდ, აშშ-ს ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან (DFC) გამოყოფილი იქნა დაფინანსება 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და რომ ის წარმოადგენს რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანას,"-განაცხადა პრემიერმა.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ სოსო დოლიძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ეს არაჩვეულებრივი, მასშტაბური პროექტი მოგვიტანა და განახორციელა ჩვენი ქვეყნისთვის. კომპანია "პეისი" უკვე წარმატებით საქმიანობს 30 წელია - დღეს არის ამ კომპანიის იუბილე, ვულოცავ თითოეულ თანამშრომელს, კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო კომპანიის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისადგომების ყოველწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას შეადგენს.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში, კომპანიამ გამოიჩინა ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობაც - მშენებლობის პროცესში შეიქმნა ასობით სამუშაო ადგილი, რაც, რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ რეგიონის მოსახლეობისთვის.

ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი არის, საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობა ამ პროექტს პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას კომპანიის თითოეულ თანამშრომელს,"- განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები